ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, ,,სკოლა ოპიზა“ გადადის დისტანციური სწავლების რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დაგეგმვას და წარმართვას ელექტრონული სისტემების გამოყენებით.

 სკოლას გააჩნია ელექტრონული სწავლების საკუთარი პლატფორმა (opiza.edupage.org)რომელიც ქართულ ენაზე გვაძლევს შესაძლებლობას შედგეს ეფექტური საგანმანათლებლო კომუნიკაცია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის.

მიმდინარე საგაზაფხულო არდადეგების განმავლობაში, (მას შემდეგ, რაც  ოფიციალურად დადასტურდა სასწავლო პროცესის გადადების ფაქტი), სკოლის ადმინისტრაციამ უზრუნველყო პედაგოგების დატრენინგება ამ მიმართულებით. აღნიშნული პროცესი ახლაც გძელდება და შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის მიუხედავად,  ორშაბათიდან სკოლა ოპიზა უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის ინოვაციური და საკმაოდ საინტერესო მეთოდით განახლებას. ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც მასწავლებლების და მოსწავლეების, ასევე  მშობლების მაქსიმალურ მონდომებას და ჩართულობას, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხოთ ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობასთან გამკლავება.

ეტაპობრივად მოსწავლეებს და მშობლებს დაეგზავნებათ ელექტრონულ სისტემაში (opiza.edupage.org) მუშაობის ინსტრუქციები, თუმცა, გვჯერა, რომ ამ პროცესს ჩვენი მონდომებული და ნიჭიერი მოსწავლეები თავს დამოუკიდებლადაც გაართმევენ. როგორც აღვნიშნეთ, სისტემა ქართულ ენაზეა, ამასთანავე, ძალიან ბევრისთვის უკვე ნაცნობიცაა. პირველ ეტაპზე დამრიგებლების მიერ საკუთარ კლასებში გაგზავნილი იქნება  მოსწავლეთა  ანგარიშები და პაროლები. მას შემდეგ, რაც მიიღებთ აღნიშნულ ინფორმაციას, მოსწავლეებს (დამოუკიდებლად ან მშობლების დახმარებით) გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში და გაეცნოთ მის შინაარსს. ორშაბათიდან თქვენს გვერდებზე გამოჩნდება სხვადასხვა საგანების მოსამზადებელი მასალები და შესასრულებელი დავალებები. სისტემას აქვს მობილური აპლიკაციაც (Edupage), რომელიც კიდევ უფრო მოქნილსა და ხელმისაწვდომს ხდის მას.

ვაცნობიერებთ, რომ სახელმწიფოს და სკოლის ინიციატივას დისტანციური სწავლების დანერგვის შესახებ, შეიძლება თან ახლდეს ბევრი დამაბრკოლებელი ფაქტორი. ამის გამო, სკოლა ოპიზა არ განიხილავს დისტანციურ სწავლებას, როგორც ერთადერთ და უალტერნატივო გამოსავალს შექმნილ მდგომარეობაში. ვგულისხმობთ, რომ სკოლა უზრუნველყოფს გაცდენილი საგაკვეთილო დღეების უმრავლესობის ანაზღაურებას განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, მას შემდეგ, რაც, ღმერთის ნებით, ქვეყანაში ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.