,,სკოლა ოპიზას” III ა კლასში (პედაგოგი: ჯულეტა საჯაია) ჩატარდა ილია ჭავჭავაძის 175 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

პატარებმა სანთლების შუქზე  ილიას ლექსი ,,ლოცვა” იგალობეს, რომელსაც სლაიდ–შოუზე წარმოდგენილი წმინდა ილია მართლის ხატები და ფრესკები უქმნიდა ფონს, რასაც მოყვა ილია ჭაჭავაძის ბიოგრაფიული სიუჟეტების ძალიან საინტერესო კოლაჟი დაწყებული მისი დაბადებისას მომხდარი მოვლენების აღწერით, შემდეგ მისი ბავშვობა, მშობლებთან ურთიერთობა, სწავლა, საზოგადოებრივი მოღვაწეობა და ტრაგიკული აღსასრულით დამთავრებული. საოცრად საინტერესო, ბავშვებისათვის გასაგები ენით გადმოცემული თხრობა გაჯერებული იყო სამახსოვრო სტროფებით ილიას ძირითადი ნაწარმოებებიდან, თან ერთვოდა სლაიდ–შოუ, და  მისი  მოღვაწეობის ყველა ასპექტი წარმოაჩინა (ისტ. მენეჯერი მაია ლოლაძე).

ღონისძიების შემდეგი ნაწილი ძალიან საინტერესოდ და ოსტატურად იყო მომზადებული: ილიას პერსონაჟების პაროდიული გასაუბრება ერთმანეთთან, რომლის დროსაც ისინი თავიანთ შემქმნელს ახასიათებენ – კაკო ყაჩაღი, ლუარსაბი და დარეჯანი, ოთარაანთ ქვრივი – ზოგი აკრიტიკებს მას, ზოგი კი მის დამცველად გამოდის.

დასასრულს პატარებმა დიდი პოეტის და საზოგადო მოღვაწის დამსახურება შეაჯამეს. ბოლო აკორდი კი მათმა პედაგოგმა ჯულეტა საჯაიამ დასვა, როცა მ.კახიძის ილიასადმი მიძღვნილი ლექსი ,,გულიდან გულში” ძალიან მგრძნობიარედ წაიკითხა.

ამ ულამაზესი საღამოს შეფასებისას ბატონმა გოჩა ურუშაძემ მადლობა გადაუხადა მასწავლებელს და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ასეთი ღრმა შინაარსით დატვირთული და ილიას მოღვაწეობის ამომწურავი და შეგნებული ცოდნის გამომხატველი ღონისძიება  მაღალი კლასის მოსწავლეებისთვისაც კი იყო შესაფერისი, მაგრამ პედაგოგის დამსახურება სწორედ ისაა, რომ ამ პატარებს გაათავისებინა, მათთვის გასაგები და გულთან ახლოს მისატანი გახადა ასეთი მნიშვნელოვანი თემა.

დაწყებითი საფეხურის კოორდინატორმა ნინო გოგიჩაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა პედაგოგს, ბავშვებს, მშობლებს და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ გემოვნებით გაფორმებულ ინტერიერს, რომელმაც ასე დაამშვენა ეს ღონისძიება.